თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული დაწესებულებების ინსპექტირებისას, თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
„რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, აფთიაქში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რის შემდეგაც, დაწესებულებაში ჩატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს“, – აცხადებენ სააგენტოში.