თბილისში კონფერენცია „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ მიმდინარეობს
საქართველოში რიგით მე-4 ყოველწლიური კონფერენცია „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ მიმდინარეობს.
წელს კვირეულის სახით ჩატარდება ღონისძიება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.
კონფერენცია გახსნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა ვერონიკა ლიმ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. პარალელურად გაიმართება მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
კონფერენცია 27-30 მარტს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოს” ორგანიზებით და „საქართველოს ბანკისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD), ევროკავშირის EU4 Business ინიციატივის, ფოთის პორტის, USAID ენერგეტიკის პროგრამისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.