თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც საპატრულო ეკიპაჟთან დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა.

მოქალაქეთა დაკავების დროს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულის ოჯახის წევრია. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.