თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს. პარალელურად კი, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ბიდი ფროფერთი“ ასათიანის ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიჭვების სანიტარიულ ჭრას განახორციელებს და მოგვიანებით ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს.
როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა, „ბიდი ფროფერთი“ იმ მემორანდუმის ფარგლებში მოქმედებს, რომლითაც კერძო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, სანიტარიული ჭრები და ჩანაცვლების სამუშაოები საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განახორციელონ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა კერძო მესაკუთრეს, შეუერთდნენ მემორანდუმს და ერთობლივი ძალებით, მოვაგვაროთ ეს მწვავე პრობლემა, რომელიც დედაქალაქს აწუხებს“, – აღნიშნა გიგაშვილმა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ვახტანგ ნოზაძის განცხადებით, მიმდინარე კვირა საბურთალოს რაიონში არსებული დაავადებული ხეების ჭრას დაეთმო, ვინაიდან მოქალაქეების მიმართვიანობა მაღალია.
დედაქალაქის მერიამ მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.