თბილისში კალაუბნის, კოტე აფხაზისა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, 861 მილიონ 609 ათას ლარს შეადგენს და იმ პროგრამულ დაპირებებს ასახავს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ გასცა, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დეპუტატმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიისა და ცენტრალური მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, თბილისისთვის დამატებით 60 მლნ ლარის მობილიზება განხორციელდა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი, 43 მლნ ლარი, ძველი თბილისის რეაბილიტაციას კერძოდ, გუდიაშვილის მოედნის პროექტს; მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, ორბელიანის მოედანს, ასევე კალაუბნის, კოტე აფხაზის და ფიროსმანი ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების მომზადებას მოხმარდება.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტში 326 მლნ. ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.
„სატრანსპორტო კოლაფსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, 2018 წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კი მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოვებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
დავითულიანის თქმით, იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.
ბექა დავითულიანმა კულტურის, განათლებისა და სპორტის, მულტიფუნქციურ, ახალგაზრდულ ცენტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წელს 2 ასეთი ცენტრის მშენებლობა და 3-ის პროექტირებაა გათვალისწინებული.
დეპუტატი ჯანდაცვის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტში, წარმოდგენილია ორი ახალი მუნიციპალური პროგრამა, რომლებიც ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგს მოიცავს.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ბექა დავითულიანის განცხადებით, ამ პროგრამების დახვეწასა და ეფექტიანობის გაზრდაზე თბილისი მერია აქტიურად მუშაობს.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში 8 დეკემბერს შევიდა, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში განიხილება. წარმოდგენილი იქნება დასკვნები, რომლის საფუძველზეც, საკრებულო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.