„სოლიდარობა ისრაელს“ – ამ სახელწოდებით რიყის პარკში საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მსოფლიო მშვიდობის დამყარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ბრძოლებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზარალდება, რაც უნდა დასრულდეს.
„თქვენ იცით შუაგულ აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ისრაელი ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა. ისრაელის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, ათასობით ჭურვია გაშვებული. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერა. ესაა ისრაელის თავდაცვითი ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, საქართველოც სწორედ ასეთი ქვეყანაა. საქართველომ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა და ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება ამ აქციის ინიციატორი გავხდით, რომელიც, ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს გამოძახილია. ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის სახელმწიფოსი ასეთ მძიმე ჟამს“, – განაცხადა ისრაელის სახლის დირექტორმა, გიორგი ბერშტეინმა.