თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე, 284-ე მუხლების საფუძველზე, რაც იძულებას, მუქარას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
მანამდე, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. მათივე განცხადებით, ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული „თბილისი პრაიდშია“ დასაქმებული.
ორგანიზაციამ შსს-ს მოუწოდა:
- საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
- გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
- საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;
- უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.
„თბილისი პრაიდი“, ასევე, მოუწოდებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.