თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე იქნება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელად ტელეპროდუსერი, მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ღამის ეკონომიკის განვითარება“ ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება და დედაქალაქისთვის სიახლე.
„ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისშიც უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და ცენტრალურ რაიონებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებშიც და გავაცოცხლოთ ისეთი უბნებიც, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანი პროექტი.
მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც უხელმძღვანელებს ამ პროექტს, ყველასათვის კარგად ნაცნობი, ტელეპროდუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე, რომელიც ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. მინდა სერგის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა კახა კალაძემ.