თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა ორი კვირის წინ, სასტუმრო „სტამბაში“ მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმროში დასაქმებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იყო მისული, სასტუმროს დათვალიერების დროს კი სახურავიდან გადმოხტა, რასაც თვითმხილველები ჰყავს. ამავეს ადასტურებს სასტუმრო „სტამბას“ იურისტი, რომელიც საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმროს თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.
„ფაქტს ვადასტურებ. შემთხვევა მოხდა 14 ივლისს. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ყველა თვითმხილველის თვალწინ მოხდა. შეესწრნენ ფაქტს. გამოკითხული არიან პოლიციაში. მთლიანი მასალა გვაქვს მიწოდებული. გასაუბრება მოხდა მასთან სამსახურის თაობაზე, სასტუმროში მიდიოდა გაცნობითი შემოვლა, რა დროსაც გადახტა. არის ჩანაწერები მიწოდებული გვაქვს გამოძიებისთვის. დეტალების განხილვისგან შევიკავებთ თავს“, – განაცხადა „სტამბას“ იურისტმა, კახა წერეთელმა.