თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
„სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და ექვსი ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.