თბილისში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
თბილისში დღეს გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – „კონტეინერების კონტროლის პროგრამა“ შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა გაიხსნა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ. შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრო. რეგიონულ ფორუმზე განიხილება აქტუალური თემები: მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
ფინანთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, საზღვარზე მოქმედებს სამი უწყებათაშორისი კონტროლის დანაყოფი, (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტვირთების კონტროლისთვის) რომლებშიც მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, სამივე დანაყოფში მუშაობს 21 თანამშრომელი.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობენ პროგრამის ხელმძღვანელები გაერო-დან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
სტუმრები პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს ეწვევიან საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში“
2018 წელს შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა უკრაინაში, ოდესაში გაიმართა.