თბილისში ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი იხსნება
თბილისში ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი იხსნება

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში”  ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი იხსნება. მუზეუმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ინსტიტუცია  იქნება , რომელიც მთლიანად იქნება ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე და კინოზე.

მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი. მედიათეკა გააერთიანებს ფოტო-წიგნებისა და მულტიმედიის უნიკალურ არქივს, რომელიც მუზეუმს საჩუქრად ცნობილი ფრანგი ფოტოკურატორის და პარიზის ისტორიის მუზეუმის ფოტოდეპარტამენტის დამაარსებლის ფრანსუაზა რენოსგან გადმოეცემა.

მულტიმედიური არქივი, რომელიც ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი, თბილისის ფოტო ფესტივალის არსებობის 10 წლის მანძილზე დაგროვილი მულტიმედიური პროექტების უნიკალურ კოლექციას ფართო საზოგადოებისათვის გახდის ხელმისაწვდომს.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პირველი მუზეუმია ამიერკავკასიაში, რომელიც ქალი პროფესიონალებს გუნდმა შექმნა. მუზეუმის მიზანია ქართული ვიზუალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და შესწავლა, ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონში ქალი ფოტოგრაფების გაძლიერება და ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც მუზეუმი აპირებს.