თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით კომპანია „იქს 2“ დაინტერესდა
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით კომპანია „იქს 2“ დაინტერესდა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით კომპანია „იქს 2“ დაინტერესდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პარკირების სისტემა მოწესრიგდეს და არსებული ქაოტური მდგომარეობა გამოსწორდეს.

„თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა პირველ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და თავიდან  გამოცხადდა. ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არის ინტერესი, ეს არის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით. ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. მას აქვს ვალდებულება, ხუთი თვის განმავლობაში დეტალური ტექნიკური კვლევა ჩაატაროს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია კომპანიას პროექტების განხორციელებაში ხელს შეუწყობს.