საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 000 კვ.მ ფერდობზე სკვერის მოწყობა დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის განხორციელებამდე, ფერდობის მდგრადობის დასადგენად, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა.
„ჩემთვის ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლად მოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, თუ რამდენად მყარი იყო ეს ფერდობი. ამ დასკვნის საფუძველზე, უკვე სხვა სამუშაოები განხორციელდა. სკვერი ამჟამად, სრულადაა მოწესრიგებული, ულამაზესი ნარგავებით, გასართობი სივრცეებით. ბავშვების სათამაშო მოედნები მოეწყო და მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი LED სანათები, ასევე, სარწყავი სისტემა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ერთად დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს და გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.