თბილისში „ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა.
კონკურსის მონაწილეებს მიესალმნენ საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი.
როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა აღნიშნა, კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
„აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია „ევროპის უნივერსიტეტისთვის“. შეგვაქვს წვლილი ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ მოვახდინოთ ახალგაზრდებში, ევროპული ინსტიტუტების, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, მით უფრო მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის, ჩვენი სახელმწიფო აპირებს, განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის სრულ წევრობაზე”, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესეების კონკურსის მიმართ მსგავსი დაინტერესება იმის დასტურია, რომ ახალგაზრდები საქართველოში მხარს უჭერენ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ერთი თვის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი ახალგაზრდებისთვის, საქართველოში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპის უნივერსიტეტს“, რომ დააორგანიზა კონკურსი ჩვენთან ერთად. დღეს, მოსწავლეების დიდი რაოდენობაა „ევროპის უნივერსიტეტში“ წარმოდგენილი, 250-მდე აპლიკაცია შემოვიდა, მოსწავლეების ნაწილი კონკურსს ესწრება თბილისში, ასევე, ქუთაისში, ბათუმში, ხოლო ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა რეგიონიდან, ონლაინ გვერთვება. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ადასტურებს, რომ ახალგაზრდები, საქართველოში, მხარს უჭერენ ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, მხარს უჭერენ საქართველოს განვითარებას, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. მჯერა, რომ ამ ახალგაზრდების მისწრაფებები ევროპული ღირებულებებისკენ არის მთავარი პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, კონკურსის მეორე ეტაპი 7 მარტს „ქუთაისის უნივერსიტეტში“ გაიმართება, მათთვის კი, ვინც კონკურსში სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკურად ვერ მონაწილეობს, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებიდან, მეორე ეტაპი დღეს, 16:00 საათზე ონლაინ zoom-ის საშუალებით ჩატარდება.
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესეების კონკურსი ტარდება თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“. კონკურსში მონაწილეობენ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და მის მიზანს წარმოადგენს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ტარდება და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, „ევროპის დღეს“ გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.