თბილისში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორის“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა  სასტუმრო „სტამბაში“.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისტმანმა, GIZ – საქართველოს რეგიონულმა დირექტორმა, სანდრა შენკემ და GIZ-ის პროექტის, CESL-ის მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.

ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინა CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები. მაგალითისთვის, ასეთი საგრანტო  პროექტებია: კოლხეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბაღდადის ღვინის თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია.  ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა შერჩეული მუნიციპალიტეტების ბენეფიციართა მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოთხი რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ერთი მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ-ი 4-წლიან პროგრამას, EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორს“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში. პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის „კატალიზირება“ დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად.  შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ. პროექტი ძირითადად მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის ოთხი წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია, ხელი შუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.