ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპული ბიზნესასოციაციაცია, „პროკრედიტ ბანკთან“ პარტნიორობით, სასტუმრო „პულმან აქსის თაუერსში“ მართავს ბიზნესფორუმს სახელწოდებით, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023“.
ფორუმი გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ჯონ ბრაეკეველდტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩეი ჩურამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ბიზნესკავშირების დამყარების, პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისა და სექტორში არსებული მიღწევების განხილვის მიზნით, ფორუმმა გადაწყვეტილების მიმღები სხადასხვა საქმიანი სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში შეკრიბა. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპული ბიზნესასოციაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული „ევროპული ბიზნესკლიმატის 2023 წლის კვლევის“ შედეგები, რომელიც, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან, ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯების შეჯამებასა და გატარებული რეფორმების შეფასებას წარმოადგენს.
პრეზენტაციის შემდეგ საქართველოში ევროპული ბიზნესების ხელმძღვანელი პირების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ფორუმი პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე „ფინანსებზე წვდომა“. ფორუმის ფარგლებში ასევე წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართება.
ფორუმს ესწრებიან ევროპული ბიზნესასოციაციის და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრები; საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები; „პროკრედიტ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები და პარტნიორები.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი, როგორც წლის მთავარი ბიზნესმოვლენა, საქართველოში პირველად გასულ წელს გაიმართა. როგორც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის, ასევე ევროპული ბიზნესკლიმატის კვლევის ანგარიშის წარდგენა პირველად 2022 წლის ფორუმის ფარგლებში განხორციელდა.