თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ მიმდინარეობს
თბილისში სახელწოდებით – „საქართველო და მსოფლიო 2020” ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.
კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის -„ეკონომისტის“ (THE ECONOMIST) წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პანელი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები. ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე დისკუსია წარიმართება თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.