მოსახლეობა ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს
თბილისში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ახალი კორპუსების აშენება ვიწრო ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს გახდის, თუმცა მთავარ საფრთხეს ისინი კლდის მოჭრაში ხედავენ.
მოსახლეობამ დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ კვლევა წარმოადგინა და მერიისგან პროექტის შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მათი თქმით, ტერიტორია მდინარე ვარაზისხევის კალაპოტს წარმოადგენს, სადაც ნაშალი იყრება და ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის შემთხვევაში მიმდებარე ქუჩებს საფრთხეს უქმნის.
„მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილში, ბოლო ათეული წლის განმავლობაში, მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები. მშენებარე მრავალსართულიანი სახლებიდან ზემოთ, 100-120 მეტრის დაშორებით, მდინარე ვარაზისხევის ძირი ჩაკეტილია კლდოვან სუბსტრატზე გათხრილი საძირკვლებიდან ამოღებული ათეულ ათასობით მ3 მოცულობის ნაშალი მასალის მძლავრი ჯებირით. აღნიშნული ჯებირი აუცილებლად გამოიწვევს ძლიერი წვიმის დროს წარმოქმნილი ნიაღვრების შეტბორვას. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია ჯებირების უეცარი გარღვევა და მის ქვემოთ განლაგებული საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება. ჯებირის ქვეშ მოწყობილი 2,6 მ. დიამეტრის წყალგამტარი გვირაბი, ნიაღვრების მოვარდნის შემთხვევაში, თავისუფლად ამოიქოლება ნაშალი მასალით და წყალს ვერ გაატარებს“, – აღნიშნულია კვლევაში