თბილისში, დიღმის ჭალებისა და თემქის ხევის ტერიტორიაზე ორი ახალი პარკი გაშენდება
თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით, თბილისის მერია კვლევების ჩატარებას იწყეს.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, საუბარია დიღმის ჭალებისა და ე.წ. თემქის ხევის ტერიტორიაზე,
„ეს არის დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია არის ე.წ. თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით 80 ათასი მოსახლეა. ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც საქალაქო პარკის განთავსებაა შესაძლებელი.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ახალი პარკის მშენებლობა იწყება გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, რომლის პროექტი არსებობდა, თუმცა ხარვეზები ჰქონდა. ახლა კი, პროექტი განხორციელდება და ის 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს.