თბილისში, დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 10 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლითა და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი შვიდი საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.