თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, დიასპორის დღე საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისთვის.

„მოგილოცავთ ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე სიმბოლურია, რომ ჩვენ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს. პატივი მაქვს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების ფარგლებში ვუმასპინძლო ფორუმს „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას, სხვადასხვა ინიციატივის შესახებ დისკუსიას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება დიასპორის ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, დიასპორული ინიციატივების წახალისებას და სწორედ ჩვენი დღევანდელი შეკრებაც იქნება ერთი კარგი საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, სად ვიმყოფებით, რა არის გასაკეთებელი, რა არის იმისთვის გასაუმჯობესებელი, რომ ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა უზრუნველვყოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ის ფაქტი, რომ დღევანდელ ღონისძიებას ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ესწრება, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორასთან ურთიერთობას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წელს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ონლაინ რეჟიმში, ვებინარის ფორმატში ჩატარდება.

„მოგეხსენებათ, ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორი თემატური შეხვედრა. პირველი შეხვედრა მიეძღვნება ბიზნესსა და ეკონომიკას. ეკონომიკური განზომილება და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. პანდემიის გამო, ამ ფორმატში გვიხდება შეხვედრა. დიასპორის წარმომადგენლების ნაწილი ფიზიკურად ესწრება, დიდი ნაწილი კი, ონლაინრეჟიმში გვიერთდება და შესაძლებლობა ექნებათ, ფორუმის ფარგლებში საკუთარი პოზიციები გაგვიზიარონ. ხოლო მეორე ჯგუფი ორიენტირებული იქნება განათლებასა და კულტურაზე. ვფიქრობ, დღეს უაღრესად საინტერესო დისკუსია გამოვა, რომელიც მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს, რათა პრაქტიკულ განზომილებაში ვთარგმნოთ დღეს გამოხატული პოზიციები და აზრები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.