თბილისში დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ტაქსით მომსახურების ნებართვის მისაღებად აუცილებელია, მძღოლმა ელექტრონული განაცხადი შეავსოს ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge.
აღნიშნული ვებგვერდი დღეს დილის 09:00 საათიდან გააქტიურდება.
ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების მოუწევთ, რომელზეც მათი მონაცემები იქნება განთავსებული.
ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლები 100 ლარს გადაიხდიან, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – 50 ლარს.
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge
1. ვებგვერდზე მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი;
2. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მაძიებელი ავტორიზდება მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით;
3. ავტორიზაციის შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით ელექტრონულად აწერს ხელს წესებს და პირობებს ID ბარათის გამოყენებით, ერთჯერადად (ელექტრონული ხელმოწერა უნდა განხორციელდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რომელიც 2018 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა).
4. ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ, გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;
5. ნებართვის მაძიებელი ავტომობილის დამატების ინსტრუმენტით მიუთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შედეგადაც სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატება მის პირად მუნიციპალურ სივრცეში.
6. დამატებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვის მოთხოვნის ინსტრუმენტით, ნებართვის მაძიებელი ქმნის ელექტრონულ განაცხადს ელექტრონულად აწერს ხელს ID ბარათის გამოყენებით
7. ნებართვის მაძიებელს ნებართვის მიღება, ასევე, შეუძლია, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, სპეციალური კოდის გენერირების და გაზიარების ინსტრუმენტით ქმნის უნიკალურ ტაქსის კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს;
8. ნებართვის მაძიებელი, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ავტორიზაცია, დამატების ინსტრუმენტით უთითებს მფლობელის მიერ გადაცემულ უნიკალურ ტაქსის კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს, რის შემდეგაც ავტომობილი აისახება მის პირად სივრცეში და ქმნის ელექტრონულ განაცხადს ნებართვის მოთხოვნით;
9. ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, მაძიებელი სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე ნებართვის გაცემის საფასურს იხდის ვებ-გვერდის ონლაინ გადახდის სისტემის ან ფინანსური დაწესებულების გამოყენებით;
10. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, პირს, რომელსაც სურვილი აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობით, შეუძლია მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის გარეშე.
11. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საფასურის გადახდისთანავე;
12. საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით;
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს.
ბ) ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, 50 ლარს.
გ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა
ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
სანებართვო მოწმობა, რომელსაც მძღოლი ელექტრონულად მიიღებს, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
მძღოლის ფოტოსურათი;
მძღოლის სახელი და გვარი;
ნებართვის ნომერი;
ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;
სწრაფი გამოხმაურების კოდი (QR კოდი).
ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში, ვალდებულია:
1. ელექტრონულად მიღებული ნებართვა ამობეჭდოს A5 ფორმატის ქაღალდზე და განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა და გადამოწმება მგზავრის და მაკონტროლებლის მიერ;
2. უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით;
3. მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალების სახურავის შუა ადგილას დაამაგროს ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი;
4. სატრანსპორტო საშუალებაში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
5. არ გადაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრი;
6. არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან;
7. მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი;
8. ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;
9. ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ პირს მუშაობაში.
კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას ან ნებართვის შეჩერებას.