თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ფოთიდანაც შეუერთდებიან
თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ფოთიდანაც შეუერთდებიან.
ისინი დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ.
აქციის მონაწილეები 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას აპროტესტებენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.
„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, დავუბრუნოთ ქართველ ხალხს მონაპოვარი, რომელიც ახალგაზრდებმა თავიანთი სისხლისა და დათხრილი თვალების ხარჯზე მოუტანეს ქვეყანას. საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უკან მიითვისა. გვინდა, შევუქმნათ ყოველგვარი დისკომფორტი ხელისუფლებას და ვაიძულოთ, განახორციელონ ეს ცვლილება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხომერიკმა.
ოპოზიცია დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და პარლამენტთან აქციაზე გადაინაცვლებს, ხვალ კი, პარლამენტის პლენარული სესიის დღეს, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმება.