თბილისში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით, ისნის რაიონში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, ჩეხეთის საელჩოსა და საქართველოში მცხოვრები ჩეხთა სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნინო ვარდოსანიძის განაცხადებით, იან პრიბილის სახელი უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისში, ისნის რაიონში პირველი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობას და კურორტოლოგიის დარგის განვითარებას. იან პრიბილმა ისნის რაიონში 50 წელზე მეტი იცხოვრა, შეისწავლა ქართული ენა და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას.

„ისნის რაიონში გავხსენით დამსახურებული და ცნობილი ჩეხი ექიმის, იან პრიბილის სახელობის ქუჩა. იან პრიბილი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, სწორედ ამ უბანში. მის სახელს უკავშირდება ქართული კურორტოლოგიის ჩამოყალიბება და პირველი სამხედრო ჰოსპიტლის დაარსება. მისი სახელობის ქუჩა ადრე მიმდებარე ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან, წლების წინ არსებობდა. დღეს ჩეხეთის საელჩოს ჩართულობით, სათვისტომოს დიდი სურვილით და ჩვენი ინიციატივით, ამ რაიონს მისი სახელობის ქუჩა დავუბრუნეთ“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ და საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და იან პრიბილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს ნინო ვარდოსანიძემ და ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა საზეიმოდ გახსნეს ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრა, ხოლო ქუჩის დასაწყისში დაამონტაჟეს იან პრიბილის ბიოგრაფიული მონაცემების შემცველი საინფორმაციო დაფა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.