კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქში გრძელდება. ამჯერად, სადეზინფექციო საშუალებებით ჭავჭავაძის გამზირი მოირეცხა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
„მთელი ქალაქის მასშტაბით ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება დედაქალაქის ყველა რაიონში, სადაც ქუჩები შესაბამისი ხსნარებით დამუშავდება. ეს არის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მხოლოდ ეს ამ ბრძოლაში გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია, თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მოგვიანებით კი, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ასევე, ყაზბეგის, წერეთლისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირებს ჩაუტარდა.
სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.