თბილისში ტელეკომპანია „ბიბისის“ გადაცემა Global Questions-ის ჩაწერა გაიმართება. გადაცემის ფარგლებში ჟურნალისტი ზეინაბ ბადავი გამართავს მასშტაბურ პანელ-დისკუსიას აუდიტორიის აქტიური მონაწილეობით. გადაცემის თემაა უკრაინის კრიზისი და გავლენა საქართველოსა და რეგიონზე.
სატელევიზიო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდმარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი. ასევე, მოლდოველი დეპუტატი დიმიტრუ ალაიბა. დისკუსიაში ჩაერთვება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ახალაია. აგრეთვე, სატელევიზიო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქტორი ტიხონ დზიადკო და თბილისში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დირექტორი, დოქტორი სონია შიფერსი.
გადაცემის ჩაწერაზე მისულ აუდიტორიას ექნება საშუალება, კითხვები დაუსვან დისკუსიის მონაწილეებს. „ბიბისის“ გადაცემის ჩაწერა გაიმართება 17 ივნისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ილიას ბაღში.
გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც დარეგისტრირდება „ბიბისის“ ვებგვერდზე მითითებულ ბმულზე.