თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა [ფოტო]
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამასთან, „თბილისი ენერჯის “ინფორმაციით, აღნიშნულ ბინაში ბუნებრივი აირი არ იყო გადაკეტილი, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოიწვია.