თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან ბელარუსელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
სოლიდარობის აქციაზე ბელარუსის დიასპორის წარმომადგენლები ეროვნული დროშებით მივიდნენ და ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქციის მონაწილეები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით. დღევანდელი პერფორმანსი სომბოლური გამეორებაა 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიისპირეთში გამართული მშვიდობიანი აქციისა, სადაც 2 მილიონამდე ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.
„ეს პირველ რიგში არის სოლიდარობა ბელარუსი ხალხის, რომლებიც დღეს იბრძვიან ჩათვალეთ ჩვენს ნაცვლადაც, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში იყოს თავისუფლება, ადამიანები არ აწამონ და არ მოკლან პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ისინი ურთულეს მდგომარეობაში არიან – კლავენ, იტაცებენ, სცემენ, აწამებენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუდგეთ მათ გვერდში. გარდა ამისა, ყველამ ერთად, ჩვენ, იმ ადამიანებმა, იმ ხალხებმა ვინც არ ეგუება დიქტატურას, ძალადობას, არადემოკრატიულ მმართველობას, ძალიან ხმამაღლა უნდა გავაგებინოთ ყველას ხმა, არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ძალაუფლებას ვერავინ შეინარჩუნებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.