თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ატარებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

18 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო რუსთავში 2.4-ჯერ. 19 ივნისს  – თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 20 და 21 ივნისს – ისევ მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, 22 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე და აგლაძის ქუჩაზე განთავსებულ მობილურ ავტომატურ სადგურზე 1.1-ჯერ, ხოლო რუსთავში 1.2-ჯერ . 23 ივნისს თბილისში აგლაძის ქუჩაზე და რუსთავში 1.4-ჯერ, 24 ივნისს კი, მხოლოდ რუსთავში 1.1-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: მოსკოვის გამზირის N33, საბავშვო ბაგა-ბაღი N86-თან; მოსკოვის გამზირი, V კვარტალი, მე-11 კორპუსი, საბავშვო ბაგა-ბაღი N128-თან; მოსკოვის გამზირი, II კვარტალი, საჯარო სკოლა N124-თან; მოსკოვის გამზირი N37, საჯარო სკოლა N86-თან.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

დატოვე კომენტარი