თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისში გაიმართა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი – საქართველო: საუკუნეების გამოცდებისგან გავლილი მეგობრობის მემკვიდრეობა“. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში აზერბაიჯანელი და ქართველი დიპლომატები, მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების გახსნაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების მიმართულებით ელჩი ელშად ისკანდეროვი.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობის საფუძველზეა აგებული. მოგვიანებით, გაიმართა აკადემიური პანელური დისკუსიები, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მეცნიერების ორმხრივი ურთიერთობის ისტორიები იყოს განხილული. განსაკუთრებით, აზერბაიჯანის და საქართველოს მე-20 საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს თანამშრომლობა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, პარტნიორობა მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში. ასევე გაკეთდა მოხსენებები აზერბაიჯანელი და ქართველი ერების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, ორი ქვეყნის მეცნიერებმა საერთო კვლევების პროექტების გაფართოებისა და ასევე აზერბაიჯანი- საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ საერთო სამეცნიერო კრებულის გამოსაცემად სამუშაო ჯგუფი შექმნა.
აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო სამხრეთ კავკასიაში არიან მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.
„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღვნიშნავთ, თუმცა, თუ შევხედავთ, 104 წლის წინ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან დაიწყო ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები. წელს კი, ამ ურთიერთობის აღდგენას ვზეიმობთ. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებულად ვითარდება. ამ მიმართულებით არსებულ დოკუმენტებს, ჰეიდარ ალიევის მხრიდან 1996 წელს მოეწერა ხელი, როდესაც ალიევი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ამ დოკუმენტებმა განსაზღვრეს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა და ძმობა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. აზერბაიჯანი და საქართველო სამხრეთ კავკასიაში არიან მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ჩვენ ორ ქვეყანას ძალიან სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოში. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დღეს ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი სამომავლო გეგმები თვალწინაა. ჩვენ საერთო პროექტებს ვახორციელებთ. ეს ყოველივე ჩვენს ხალხს ემსახურება და მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება“, – განაცხადა ფაიგ გულიევმა.
ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.
„მოგეხსენებათ, ჩვენთვის აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მეზობელია. წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რაც მრგვალი თარიღია და მნიშვნელოვანი თარიღია ორივე ქვეყნისთვის. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა. გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის არის მნიშვნელოვანი საფუძველი, მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის და რეგიონის ჩამოყალიბებისთვის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის სივრცე. საქართველოს და აზერბაიჯანის სამომავლო პერსპექტივები ერთი სიტყვით ხასიათდება, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.