თბილისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული მ.თ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე ექვსი მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.