თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან ხუთი ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა
თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან ხუთი ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა

დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა – ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება ითვალისწინებს.

რაც შეეხება საურავს, რომელიც 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მოქმედებს, ის შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.

სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სიახლის შესახებ ავტობუსებში უკვე გაკრულია საინფორმაციო სტიკერები. გარდა ამისა, მათივე ცნობით, ცვლილების დეტალებს მგზავრებს კონდუქტორებიც უხსნიან.