თბილისში ავსტრიის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი მიმდინარეობს
თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი მიმდინარეობს.
ღონისძიება, რომელიც 29 თებერვლამდე გაგრძელდება, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა.
მინისტრმა საქართველოსა და ავსტრიის ურთიერთობებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო.
„ავსტრიის ელჩები რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში ატარებენ საკუთარი ელჩების კონფერენციას თბილისში. ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც მნიშვნელოვანი ადგილის და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოთამაშის. უახლოეს პერიოდში იგეგმება ასევე სხვა ევროპული ქვეყნების ამბასადორიალის ჩატარება თბილისში და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოს და საქართველოს როლს რეგიონში. თბილისი, საქართველო მათი მხრიდან არ არის შერჩეული უბრალოდ როგორც თავშეყრისა და ღონისძიების ჩატარების ადგილი, არამედ ეს არის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც გვაქვს ევროპული ინტეგრაციის კუთხით. დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვისაც, რომ გავუზიარო მათ ჩვენი ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესების, არსებული გამოწვევებიას შესახებ, ვისაუბრო როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ ავსტრიის მხრიდან გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ელჩების კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დღესვე, გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ავსტრიული მხრიდან – ორმხრივი ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი. ღონისძიების ფარგლებში, ამბასადორიალის მონაწილეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (UMM) ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ.
თბილისი უკვე მესამე რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობს, საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ. ასევე დაგეგმილია შვედეთის სამეფოს ელჩების კონფერენციაც.