წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული რ.ა. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.
პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.