საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.თ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.-ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან – 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.-სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნ.თ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.