თბილისში, აქციაზე დაკავებული ოთხი პირი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
თბილისში, აქციაზე დაკავებული ოთხი პირი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

თბილისში, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთხი პირი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაკავებულის, კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც გელბახიანმა განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია.

„დაკავების დროს ყოველთვის ხდება ასე, რომ ადამიანი უმნიშვნელო დაზიანებას იღებს. ნაცემი არ არის და არც პრეტენზია აქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისი თქმით, ზვიად გელბახიანი ფიქრობს, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არის დაკავებული.

„არანაირი სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია. მას ედავებიან პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას, მაგრამ ჩვენ ვიდეოკადრები ვნახეთ, რომ პირდაპირ ეცნენ და დააკავეს და არანაირ დაუმორჩილებლობას არ ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოცამდე პირი დააკავეს.

მანამდე კი შსს-ს ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.