თბილისში, ამირან შალიკაშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი იმართება
თბილისში, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ტერიტორიაზე ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მაყურებელს 3 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება დაესწროს ორ პრემიერას, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს, პანტომიმისა და თანამედროვე ცეკვის ელემენტებით გაჯერებულ პერფორმანსებს.
2018 წლის ფესტივალის მთავარი სტუმარი პარიზის მიმების სკოლის დამაარსებლის – მარსელ მარსოს შვილი, იოგს – ბაპტისტ მარსო იქნება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი შენგელიასა და რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა. ასევე დაგეგმილია რომა რცხილაძის ბენდისა და პანტომიმის თეატრის კოლაბორაცია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დავით შალიკაშვილის სპექტაკლის „მოხუცი და ზღვა“ პრემიერა.
რეჟისორმა დავით შალიკაშვილმა ერნესტ ჰემინგუეის ნოველა „მოხუცი და ზღვა“ სცენაზე გააცოცხლა. ინგლისელი მწერლის ნაწარმოებს პანტომიმის ენით, ქართული მიმები გვიყვებიან. წარმოდგენა ელექტრონული, როკ და ჯაზ მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და ისტორიას არა ტრაგიკულად არამედ, რეჟისორის პოზიტიური ხედვით გვიყვება.
პანტომიმის თეატრის ამჟამინდელ დასთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას თეატრის ვეტერანი მსახიობები იღებენ. მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი მოხუცის როლში გვევლინება, მთხრობელს კი რეჟისორი და მსახიობი კახა ბაკურაძე განასახიერებს.
შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქში 6, 7 და 8 ივლისს ჩატარდება.
შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში მეოთხედ გაიმართება.