თბილისში საქართველოში პირველი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში განთავსდა, დაცული იქნება ყველა ქართული ბეჭდური წიგნი.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის საცავი. ამასთან, როგორც კეკელიძემ განაცხადა, მუზეუმში ასევე, გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 19 ათასამდე წიგნი.
გიორგი კეკელიძის თქმით, ასეთი მუზეუმის გახსნა გალაკტიონ ტაბიძის ოცნება იყო, რომელიც ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ახდა.
დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს იშვიათ და უძველეს გამოცემებს, პირველ ნაბეჭდ წიგნებს. მუდმივმოქმედი გამოფენა მუზეუმში ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:
1. იშვიათ გამოცემათა მუზეუმი, სადაც მაგალითად, ვახტანგის სტამბის წიგნებია წარმოდგენილი;
2. ვეფხიტყაოსნის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენაზე;
3. ილია ჭავჭავაძის კაბინეტი მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
4. ბროსეს ულტრათანამედროვე საცავი.
საქართველოში პირველი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის გახსნას ამერიკის ელჩი საქართველოში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი და წიგნის მოყვარულები დაესწრნენ.