თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი და მიწისქვეშა პარკინგი დაიტბორა [ფოტო]
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი და ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა პარკინგი დაიტბორა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ქუჩის ერთ ნაწილში სანიაღვრე არხი იყო ჩახერგილი, რამაც წყლის დაგროვება და დატბორვა გამოიწვია.
უსაფრთხოების მიზნით, კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას სახლები დაატოვებინეს.
სამაშველო სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლებმა სანიაღვრე არხი გაწმინდეს, რის შემდეგაც წყლის ნაკადი შეწყდა. ამ დროისთვის მიწისქვეშა პარკინგიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე.