თბილისში საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.
თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და ბარათაშვილის ქუჩები. ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდნენ. აქვე მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები დედაქალაქის მერმა გადასცა. ტკბილეულით გზადაგზა ისინი მოსახლეობამაც დაასაჩუქრა.
მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართა. ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.