თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობაში ედება.
„დანაშაული ექვსიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა პვპ“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ცდილობდა.
პოლიციამ, ს.ა.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.