თბილისში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების რეგიონული კონფერენცია გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ორდღიანი რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, დანიისა და პორტუგალიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციის მიზანია ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე რეგიონსა და ევროპაში მოქმედი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაზე დაფუძნებული მიდგომების უზრუნველყოფა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, იოჰანეს ფან დერ კლააუმ ისაუბრეს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და კონფლიქტურ სიტუაციებზე მსოფლიოში. ხაზი გაუსვეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისა და ამ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კონფერენციაზე ასევე განიხილავენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე; ისაუბრებენ თავშესაფრისა და დაცვის ხელმისაწვდომობაზე, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სოციალურ-ეკონომიურ უფლებებზე.