თბილისში 7-დან 16 მაისის ჩათვლით სტუდენტური ფესტივალი გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში დიღომში მდებარე ოლიმპიურ პარკში სტუდენტური სივრცე მოეწყობა.
„ფესტივალში მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები. ფესტივალისთვის დიღომში მდებარე ოლიმპიური პარკია გამოყოფილი, სადაც მოეწყობა სტუდენტური სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს. ეს იქნება 10-დღიანი სტუდენტური ზეიმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 36 უნივერსიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მისასალმებელია. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ვერ მოხერხდებოდა ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.