თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ე.წ. „მეტრომშენის“ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ.
„ეს კოტეჯები იყო მათი საკუთრება, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მიწა რომელზედაც ეს კოტეჯებია, არ ჰქონდათ დაკანონებული და ათეული წლებია მათთვის გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩემი საარჩევნო დაპირებაც იყო დაკანონება როგორც მიწების, ასევე საცხოვრებელი ფართების, სადაც ადამიანები წლებია ცხოვრობენ, თაობები გამოზარდეს.
ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. 49 ოჯახია, ვისაც ეს მიწები დაუკანონდა და გადაეცემა საკუთრებაში. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ და ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებოდნენ, როცა რამის გაკეთება სჭირდებოდათ. როცა რამის აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი ითვლებოდა უკანონოდ. დღეიდან მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, ამ საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ უნდათ და მათ სურთ“, – განაცხადა კახა კალაძემ
ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, თუმცა ამ დრომდე არ ფლობდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს.
ისნის რაიონში მეტროს სამშენებლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისთვის ე.წ „ფინური სახლების“ მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. თითოეულ ფინურ სახლს 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აქვს და იქ ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს.
2018 წლის 10 იანვარს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩებზე არსებულ 24 „ფინურ სახლში“ მცხოვრებ 49 ოჯახს, რომლებმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცათ.