თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები სკოლის დირექტორს ხვდებიან
თბილისში, 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე, სამართალდამცველები სკოლის დირექტორს, გიორგი კაკაბაძეს ხვდებიან, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 24-ე სკოლასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი – დანა.
შსს-ს ცნობით, ამ წუთებში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.