გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია „მან“-ის (MAN) საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება.
კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება.
დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისში საჭიროა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.
თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია საქართველოში უკვე გამოიგზავნა. მერიის ცნობით, საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.