თბილისის საბავშვო ბაღებში კონსტრუქციული მდგრადობის მონიტორინგის პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც კახა გვანცელაძემ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ექვს ბაღზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნა მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ექვსიდან სამი ბაღის ფუნქციონირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„პროცესი გაგრძელდება. სააღმზრდელო პროცესი უკვე ორშაბათიდან განახლდება და ბავშვები გადანაწილებულნი იქნებიან ახლომდებარე ბაღებში, იგივე რაიონებში. 158 ბაღზე მოვითხოვეთ და შესაბამისი დასკვნები გვექნება, აქედან გამომდინარე, მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან შეჩერდა.
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ორშაბათიდან ახლომდებარე ბაღებში გადაანაწილებენ.