მიმდინარე წლის 13-დან 15 ივნისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ღვინის გამოფენა გაიმართება. გამოფენისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ღვინის კონკურსი, სადაც წარდგენილ ღვინოებს უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ჟიურის ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი უხელმძღვანელებს.
„13, 14 და 15 ივნისს „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში ტარდება ღვინის გამოფენა ე.წ. ვაინ-ექსპო. ძალიან საინტერესო გამოფენაა, „ექსპო-ჯორჯია“ ღვინის ამ ტრადიციული გამოფენის ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღვინის კონკურსი გაიმართება, სადაც ღვინის შეფასებას ტრადიციულად უცხოელ ღვინის მაგისტრებს ვაბარებთ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ქართველებს ღვინის შეფასება არ შეგვიძლია, არამედ მეტი ობიქტურობისთვის. მაგალითად, წელს ჟიურის თავმჯდომარე ერთ-ერთი განთქმული ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი იქნება და ღვინის შეფასება მისი ხელმძღვანელობით მოხდება“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.
ამასთან, მისი შეფასებით, გამოფენა მეღვინეებისთვის საინტერესო იქნება იმ კუთხითაც, რომ გარდა ღვინისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა, რომელიც შესაძლოა, წარმოებაში გამოადგეთ.