თბილისსა და რეგიონებში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 14 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: ოთხი ავტომატი, რვა ცეცხლსასროლი იარაღი, შვიდი მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის ორი შაშხანა და სანადირო თოფი“, – აცხადებენ შსს-ში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.